- აპრილი 2, 2022
- Posted by: Archimede
- Category: სიახლეები

არქიმედეს სკოლის ჟურნალისტთა კლუბი არაფორმალური განათლების ცენტრის ერთ-ერთი პროექტია. მასში მონაწილეობის სურვილი მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს. კლუბის მუშაობას ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნინო ტაბატაძე, მას ინტერნეტმედიაში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.
ყოველკვირეულ შეკრებებზე მოსწავლეები დოკუმენტური ფილმებისა და პრეზენტაციების საშუალებით ეცნობიან ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, უცხოური სატელევიზიო არხების მუშაობის სპეციფიკას, განიხილავენ და აფასებენ ამა თუ იმ ინტერვიუსა თუ თოქ-შოუს.
ჟურნალისტური ეთიკის, ინფორმაციის მოპოვების საშუალებებისა და მედიატორული კომუნიკაციის ფორმების გაცნობის შემდეგ პროექტის მონაწილეებმა შექმნეს საკუთარი ინტერნეტჟურნალი http://archimedia.archimede.ge
განსაზღვრეს რუბრიკები, გაინაწილეს ფუნქციები და ინტერესთა სფეროები, ჩაწერეს ინტერვიუები და შექმნეს სტატიები.
ვებგვერდი ტექნიკურად ააწყო და მოამზადა არქიმედეს სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე – საბა დოლიძემ.
ინტერნეტჟურნალი ყოველთვიურად აშუქებს სკოლაში მიმდინარე სიახლეებს და ეხმაურება მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის საინტერესო თემატიკას.