სკოლის დამფუძნებლი

გელა მანელიძე იყო კომაროვის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული (1977), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ასევე, წარმატებული მაგისტრი(1982).

უნვერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად მრავალი შემოთავაზებისა, უერთგულა თავის სკოლას, უნივერსიტეტში დარჩენას სკოლაში მუშაობა ამჯობინა პედაგოგად, შემდეგ კი ამ სკოლის დირექტორი გახდა. (2004-2010)  ყველაზე რთულ და გაურკვეველ წლებში მოუწია მუშაობამ.

სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კომაროვის სკოლა შენარჩუნდა ამ პროფილით (ფიზიკა-მათემატიკის) მიმართულებით, მისი დამსახურება იყო კომაროვის ბაზაზე მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო პროექტი - შაბათისა და საღამოს სკოლები.

წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და სწავლების პროცესში მუდმივი სიახლეების დანერგვის გზით, გელა მანელიძის თავდაუზოგავი შრომით სკოლამ მრავალ წარმატებას მიაღწია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 

2016 წელს მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი, საქართველოს წამყვანი მასწავლებლის  სტატუსი და უკვე თავად გადაწყვიტა შეექმნა ყველასაგან განსხვავებული ხედვის, დამოუკიდებელი სკოლა. მოსწავლეებისთვის ადრეულ ასაკში გაეცნო მეცნიერული მუშაობის მეთოდები და განევითარებინა კრიტიკული აზროვნება. დაენერგა უცხო ენების მაღალ დონეზე სწავლების პრაქტიკა, რის შედეგადაც მოსწავლეებს მისცემოდათ სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის უცხოურ ენებზე გაცნობის შესაძლებლობა. ხელი შეეწყო და მოემზადებინა მოსწავლეები როგორც ეროვნული, ისე საზღვარგარეთის მაღალი რეიტინგის მქონე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.

გელა მანელიძის ცოდნა და გამოცდილება, ძალა და ენერგია არაერთ სასიკეთო საქმეს მოხმარდა. იგი არა მხოლოდ კარგი პედაგოგი და ხელმძღვანელი იყო, არამედ გამორჩეული მეგობარი მეგობართა შორის, ერთგული და თავდადებული მეოჯახე, მეუღლე, მამა, უახლოესი კაცი ახლობელთა შორის, საიმედო მეზობელი, მოყვარე... მოკლედ, გამორჩეული კაცი იყო თაობაში.

გელა მანელიძე ახერხებდა ყოფნას ყველგან და ყოველთვის, ჭირსა თუ ლხინში... ამიტომაც დაიხარჯა ალბათ, ასე ნაადრევად, ბოლომდე... ასეთ კაცებზე იტყვიან, ქვეყანას დააკლდაო... თუმცა მისი გაკეთებული საქმე დარჩა და ამას მოწმობს სკოლა ,,არქიმედეს’’ მიღწევები. სკოლა ,,არქიმედე’’ კიდევ იტყვის თავის სათქმელს საერთაშორისო ასპარეზზე. 

გელა მანელიძემ თანამოაზრეებთან ერთად თბილისის არქიმედეს სკოლა დააფუძნა 2015 წელს და ამ სკოლის დირექტორი იყო 2017 წლის დეკემბრამდე.